ყაიბულას ბაღი, ქიმერიონი, ყასაბხანა – რამდენიმე ადგილი ძველი თბილისიდან
თ. კვირკველიას წიგნი „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ძველთბილისურ დასახელებას, რომელსაც წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს და თბილისზე, მით უფრო, ძველ თბილისზე შეყვარებულ ადამიანს განსაკუთრებით დააინტერესებს.
ქიმერიონი – რუსთაველის თეატრის (მაშინ – არტისტული საზოგადოების) შენობის ქვედა ფოიეს სართულზე კაფე „ქიმერიონი“ იყო განთავსებული, სადაც თავს იყრიდა ქალაქის მოწინავე ინტელიგენცია. 1915 წლიდან აქ იკრიბებოდნენ „ცისფერყანწელები“. ტიციან ტაბიძე წერდა: „ალბათ, მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“. კაფეს კედლები მთლიანად მოხატული იყო. „ცისფერყანწელების“ ინიციატივით, კედლები მოხატეს გამოჩენილმა მხატვრებმა: ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსე თოიძემ, განთქმულმა რუსმა მხატვარმა, სერგეი სუდეიკინმა, ასევე ცნობილმა პოლონელმა ხელოვანმა, სიგიზმუნდ ვალისევსკიმ. კაფე მოგვიანებით რუსთაველის თეატრის ფოიედ და გარდერობად იქცა. კედლები არაერთგზის გადაიღება და შესანიშნავი მხატვრობა დაიკარგა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს დაიწყო სამუშაოები დაკარგული მოხატულობის გამოსამჟღავნებლად.
ყაიბულას ბაღი – ამ ბაღს გარეთუბნის განაპირას №29-ით აჩვენებს ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე. გაშენებული იყო დღევანდელი 9 აპრილის ბაღის ქვედა ბაქნის პირდაპირ.
ყასაბხანა– ყასაბხანა ხორცით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა. ერთი ასეთი რიგი უშუალოდ თათრის მოედანზე, ალაფხანას გვერდით იყო. კიდევ ერთი ყასაბხანა იქვე, თათრის მოედანთან, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მტკვრის პირზე გასულ ქუჩაზე მდებარეობდა.
ყორჩი-ყალა – თაბორის თურქული სახელწოდებაა, რაც დამცველ ციხეს ნიშნავს, და მართლაც, თაბორის ციხე – ყორჩი-ყალა თბილისს იცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, კონტროლს უწევდა განჯის გზას.