გელა ნიკოლაიშვილი: ოპოზიცია ვაჭრობს მინისტრის პორტფელებზე, მოსაგებ ტენდერებზე, გავლენის სფეროებზე, საქვეყნო ინტერესი მათთვის მთავარი არასდროს ყოფილა

რა საფრთხის შემცველია 2%-იანი საარჩევნო ბარიერი?

16-17 აგვისტოს თბილისსა და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა იგეგმება. მოსალოდნელ კონსტიტუციურ ცვლილებებს ეჭვის თვალით უყურებს როგორც უმრავლესობა, ისე – ოპოზიცია. ოპოზიციის აზრით, ,,ქართული ოცნება“ დანაპირები 2%-იან ბარიერის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ შედეგების წინასწარი დათქმით არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.

,,კვირა“ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერს, გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა:

კონსტიტუციის დღეს არსებულ ვერსიაში საარჩევნო ბარიერად 5%-ია განსაზღვრული, თუმცა, დღევანდელი სოციოლოგიური კვლევების გათვალისწინებით, ამ ბარიერის გადალახვა მხოლოდ 2-3 პარტიას თუ შეეძლება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა?

-ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა ბარიერის დაწევა და არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არჩევნები სწორედ ამ სისტემით ტარდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მხოლოდ პროპორციული არჩევნები შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკური კრიზისების შექმნის ინსპირატორი.

რატომ?

-პროპორციულ სისტემაში გამარჯვებული, პრაქტიკულად, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი პარტია. მცირე თუ დიდ პარტიებს შორის იკვრება საპარლამენტო კოალიციები და გამარჯვებული კოალიცია აკომპლექტებს მთავრობას. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რომ თვალი გადავავლოთ, ვის შორის შეიძლება, შედგეს კოალიცია? კოალიციური მმართველობა ნიშნავს 50+1 % ხმების დაგროვებას მთავრობის დასაკომპლექტებლად, ანუ 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 76 ხმის კონტროლს. ამ პროცესში შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეთ იმ 2-%-იან პარტიებს. თუ შემთხვევით რომელიმე პატარა პარტია რამეზე გაბრაზდა და კოალიცია დატოვა, პარლამენტი მთავრობას ვეღარ დააკომპლექტებს

.
რაზე შეიძლება გაბრაზდნენ მცირე პარტიები?

-ნებისმიერ რამეზე, ვიღაცის თვალის ფერი არ მოეწონათ, კოალიციაში რომელიმე კოლეგამ ცუდად გადმოხედა, ტენდერში ვერ გაიმარჯვეს, შესაბამისი პორტფელები ვერ მოიპოვეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ… ხშირ შემთხვევაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები შეიძლება, აღმოჩნდეს 2%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიის პოზიცია, რაც არ არის ნორმალური.

-კოალიციური მთავრობების დაკომპლექტების რა პრაქტიკა არსებობს ევროპაში?

-ბევრ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები პოლიტიკურ კრიზისებს იწვევს. ასეთი ქვეყნებია: იტალია, ბელგია, ისრაელი, ნიდერლანდები. თუმცა, იმ ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულია ასეთი პოლიტიკური სისტემა და ეს ქვეყნები პოლიტიკურ კრიზისებს შედარებით ადვილად ,,უძლებენ.“ ჩვენ გვახსოვს, რომ 4-5 წლის განმავლობაში ბელგიას არ ჰყავდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა, თუმცა, ეს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე ნეგატიურად არ ასახულა. მინისტრის მოვალეობას ასრულებდნენ მათი პირველი მოადგილეები, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ შეძლო და დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი. ისრაელში, მაგალითად, იყო წელიწადი, როდესაც არჩევნები 3-ჯერ ჩატარდა. დღეს ვხედავთ სიტუაციას, როდესაც ნეთანიაჰუს კოალიციას გამოაკლდა ერთი წევრი და ის პარლამენტში უმცირესობაში აღმოჩნდა. ხვალ შეიძლება, მოწინააღმდეგე პარტიიდან ვინმე შეუერთდეს ნეთნიაჰუს, არც ეს იქნება გასაკვირი. იტალიაში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი პროპორციული სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე და მის ნაკლოვანებებზე ალაპარაკდნენ.

მოქმედი კონსტიტუციით საქართველოში 2024 წლის არჩევნები გათვალისწინებულია მხოლოდ პროპორციული წესით. ევროპული მაგალითის გათვალისწინებით, რაიმე დამცავი მექანიზმის მოფიქრება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია?

-ერთადერთი მექანიზმი მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა. დღეის მდგომარეობით, კონსტიტუცია არჩევნებში გამარჯვებულ პარტიად გულისხმობს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. თუმცა, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებასა და პოლიტიკოსთა შორის ზეპირსიტყვიერ შეთანხმებაში არსებობს დათქმა, რომ საარჩევნო ბარიერი 2%-მდე უნდა შემცირდეს.

თუმცა, ბარიერის დაწევაშიც ხედავთ გარკვეულ საფრთხეებს?

-2%-იანი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში მოსახვედრად და რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება 30-40 000 ხმა. ბევრი შემთხვევითი ადამიანი მოხვდება პარლამენტში და სწორედ 2%-იან პარტიები აღმოჩნდება პარლამენტში შესული მსხვილი პარტიების ვაჭრობის სამიზნე. თუ არჩევნებზე ცოტა ამომრჩეველი მივა, შეიძლება, ბარიერის გადალახვისთვის 30 000 ხმაზე ნაკლებიც იყოს საკმარისი.

რატომ?

-ხომ გამორიცხულია, რომ ,,ნაციონალური“ მოძრაობა კოალიციაში შევა ,,ქართულ ოცნებასთან“? შესაბამისად, 50+1%-ის მოსაპოვებლად ორივე მსხვილ პარტიას მოუწევს პატარა პარტიების გადაბირება და მათთან ღია ვაჭრობა.

რა შეიძლება, გახდეს პარტიათა შორის ვაჭრობის საგანი?

-ვაჭრობა თანამდებობებისთვის, მინისტრის თუ მინისტრის მოადგილის პორტფელისთვის, პოლიტიკური გავლენებისთვის, მსხვილი ტენდერებისთვის, ბიზნესებისა და კანონების ლობირებისთვის და ასე შემდეგ. როცა ამბობენ,  მაჟორიტარები ჩვეულებრივი ფეოდალები არიანო, მართალია, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს ,,ფეოდალური ინსტიტუტის“ და ინტერესების ერთი ხელის მოსმით გაუქმებას. აღნიშნული ფეოდალები შეეკვრებიან პარტიებს და ახლა მათი სიით მოხვდებიან საკანონმდებლო ორგანოში, ბოლოს და ბოლოს, თავად შექმნიან და დააფინანსებენ 2%-იან პარტიებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა აიწიოს.

რამდენი პროცენტით?

თუ 5% ძალიან ბევრია და 2% ძალიან ცოტა, ბარიერი 3-4%-ით მაინც უნდა განისაზღვროს. პარლამენტში შესასვლელად პარტიამ მხარდამჭერთა მინიმუმ 70-80 000 ხმა მაინც უნდა მოიპოვოს. ვფიქრობ, 4%-იანი ბარიერის დაწესება პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის რეალური მაჩვენებელია. ევროპაშიც პარლამენტში სულ რამდენიმე პარტია ხვდება ხოლმე და არა – ჩვენსავით ძალზე ჭრელი პოლიტიკური შემადგენლობა, რაც პარლამენტში 10-12 პარტიის მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

-ოპოზიცია ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რაც პროპორციული არჩევნების ფონზე ძალზე დაბალ ბარიერს შეიძლება, მოყვეს ქვეყნისთვის, თუნდაც, მატერიალური თვალსაზრისით, თუ წელიწადში რამდენჯერმე გახდება საჭირო არჩევნების დანიშვნა?

-რასაკვირველია, ყველა ყველაფერს კარგად ხვდება, თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვაჭრობა და დესტაბილიზაციის მცდელობა დღეს საქართველოში არავის უკვირს. მათთვის სახელმწიფო ინტერესი მთავარი არასოდეს ყოფილა. ყველაფერს პირადი და პარტიული გამორჩენის თვალით უყურებენ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები