თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება „ალმამ“ მოიპოვა – მერია 34 მლნ ლარს მიიღებს
დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი, 15-წლიანი უფლება ორ ლოტად – 34 მლნ ლარად გაიყიდა.
„გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანხით მომდევნო წლებში დედაქალაქში საინტერესო პროექტები განხორციელდება.