რეკრუტებმა ხერთვისის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მრავალსაუკუნოვანი შეუპოვარი ბრძოლებით ცნობილ ციხესიმაგრეზე – ხერთვისის ციხეზე ღვთისა და ერის წინაშე, ანთებული ჩირაღდნებისა და არასტანდარტულად განლაგებული დროშების ფონზე დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეურთდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან.

ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი პროგრამა მათ ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს, სადაც სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება უტარდებოდათ. თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.

პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები