დედაქალაქის მერობის კანდიდატისა და მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას სჯერა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, თბილისზე ზრუნვას ისევ ის და მისი გუნდი გააგრძელებს. მისივე თქმით, დედაქალაქის ხელმძღვანელობა 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს მოქალაქეების პრობლემების მოსაგვარებლად.
„უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხვედრა, კომუნიკაცია, ვახორციელებთ პროექტებს. ეს განწყობა და დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოგვიწევს ქალაქზე ზრუნვა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი და 4 წლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვიცი, რას ნიშნავს გამოცდილება და რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ქალაქის ხელმძღვანელობა. გულწრფელად გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებ, 24-საათიანი მუშაობით, რომ იმ გამოწვევებს, პრობლემებს, რომელიც ამ ქალაქში წლებია არსებობს, ღირსეულად ვუპასუხოთ, ისეთი მაგარი პროექტები განვახორციელოთ, რომ თბილისში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, იამაყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ საარჩევნო ბანერებზე და ოპოზიციის ბრალდებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების განთავსებაზე მილიონი ლარი დაიხარჯა. კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ჩატარება როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებს, ასევე ბანერების განთავსებას გულისხმობს.
„საარჩევნო კამპანია არის იმისთვის, რომ ყველაფერი გამოიყენო – მათ შორის, ბანერების გაკვრა, კომუნიკაცია ხალხთან და ყველა რესურსის ამოქმედება, რომ მოსახლეობას აუხსნა, რატომ უნდა გენდოს და იყოს შენი მხარდამჭერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არ ჩავატარო საარჩევნო კამპანია?! მგონი, ამაზე აპელირება სწორი არაა. სანამ კამპანია დაიწყებოდა, ჩემს ბანერს ვერ ნახავდით ქუჩაში“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.