ნიკიტა მაღალოვი (მაღალაშვილი) – შოპენის ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი
ნიკიტა მაღალაშვილი (ფრ. Magaloff) დაიბადა 1912 წლის 8 თებერვალს, სანკტ–პეტერბურგში, თავად დიმიტრი მაღალაშვილის ოჯახში. პირველი, ვინც შეამჩნია მისი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი, იყო რუსი პიანისტი ა. ზილოტი, რომელმაც ჩაუტარა კიდეც რამდენიმე გაკვეთილი.
1918 წელს ნიკიტა მაღალაშვილმა ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად ჯერ ფინეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა. იქ შეიმოკლა გვარი, ევროპული მსმენელისთვის უფრო ადვილად გასაგები რომ ყოფილიყო. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში, ისიდორ ფილიპთან. 17 წლისამ კონსერვატორია დაამთავრა და დატვირთული საკონცერტო ცხოვრება დაიწყო. მისმა დებიუტმა მორის რაველის მაღალი შეფასება დაიმსახურა: „მაღალოვის სახით დაიბადა უაღრესად ნიჭიერი, გამორჩეული მუსიკოსი“, – წერდა იგი. კომპოზიტორის ეს სიტყვები დაადასტურა პიანისტის შემდგომმა მუსიკალურმა მოღვაწეობამ.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მეოცე საუკუნის 30–იანი წლების მეორე ნახევრიდან ნიკიტა მაღალოვის საკონცერტო ტურნეები გაფართოვდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მის შემოქმედებას უკვე მთელ მსოფლიოში იცნობდნენ.
1939 წელს ცოლ–შვილთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე წელი (1947 -50 წწ.) ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. 1956 წლიდან შვეიცარიის მოქალაქეა.
ნიკიტა მაღალოვი ითვლება შოპენის ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლად. მას უყვარდა ხაზგასმა, რომ მისი მასწავლებელი ისიდორ ფილიპი, თავის მხრივ, იყო შოპენის შეგირდის, ჯორჯ მატისის მოწაფე. მაღალოვმა ისტორიაში პირველმა ჩაწერა შოპენის ყველა საფორტეპიანო ნაწარმოები (13 CD, Philips Classics), მათ შორის ნაკლებად ცნობილი პიესები: „პაგანინის სუვენირი“, „ფუგა ლა მინორი“ და „ფურცელი ალბომიდან“. იგი უკრავდა, ასევე, მოცარტს, ბეთჰოვენს, შუმანს, ლისტს, სტრავინსკის. შეუდარებელი იყო მენდელსონის მისეული ინტერპრეტაცია. გამოდიოდა ანსამბლში კლარა ჰასკილთან და იოჟეფ სიგეტთან ერთად. თავის თავს ძველებური ყაიდის პიანისტს უწოდებდა.
1949 წლიდან ნიკიტა მაღალოვი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას შვეიცარიაში, აგრეთვე იტალიასა და საფრანგეთში. მეგობრის, დინუ ლიპატის გარდაცვალების შემდეგ, ჟენევის კონსერვატორიაში გაუძღვა მის საფორტეპიანო მასტერ–კლასს, სადაც ასწავლიდა 1960 წლამდე. მისი მოწაფეები იყვნენ პიანისტები: მარტა არგერიხი, მარია ტიპო, ინგრიდ ჰებლერი, ემილ ნაუმოვი, ვალერი სიგალაევიჩი, ვენსან კოკი, ორღანისტი ლიონელ როგი და სხვები.
ნიკიტა მაღალოვის დაკვრის მანერა გარკვეულწილად შეიცვალა ხანდაზმულობის წლებში – გახდა უფრო მგზნებარე და ემოციური.
მისი მეგობრები იყვნენე მორის რაველი და სერგეი პროკოფიევი. ეს უკანასკნელი მისი მშობლების მეგობარიც იყო და შემოქმედების დასაწყისში პიანისტი მის საგრძნობ გავლენას განიცდიდა.
ნიკიტა მაღალოვი დაქორწინებული იყო ირენა სიგეტზე (მევიოლინე იოჟეფ სიგეტის ქალიშვილი). ჰყავდათ ქალიშვილი – ვანდა.
პიანისტი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, 1992 წლის 26 დეკემბერს, შვეიცარიის ფრანგულენოვან ნაწილში, ქალაქ ვევეში.