გლდანის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე, ასევე, სოფელ გლდანში, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთზე სრულდება.
ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ქსელის რეაბილიტაციაც განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 974 116 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები და გრუნტის დამჭერი გაბიონები მოეწყო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება სახანძრო ჰიდრანტები.
რაც შეეხება სოფელ გლდანს, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი, დაახლოებით, 6 076 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 715 000 ლარამდეა გათვალისწინებული. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწყობამდე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.