საკრებულოში მინი ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით მინი ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სიტყვით გამოვიდა და სასკოლო ლიგის ორგანიზატორებსა და  მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, ახალგაზრდა სპორტსმენებს კი წარმატება უსურვა.

„დღეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ფარგლებში შეკრებილ გუნდს ვგულშემატკივრობთ. ის, რომ თქვენ ათასობით მონაწილეს შორის გაიმარჯვეთ და შერჩეულ კანდიდატებს შორის ხართ, უკვე დიდი წარმატებაა. წარმოადგენთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ელჩებს თქვენს თაობაში და ხართ მაგალითები, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას მონდომების ხარჯზე. თუმცა მჯერა, რომ მთავარი წარმატება წინ არის და კიევიდან გამარჯვებულებს კვლავ დიდი მოლოდინით გიმასპინძლებთ“,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სტუმრებს სიტყვით გიორგი ჩაკვეტაძემაც მიმართა და აღნიშნა, რომ მონაწილეების, მათი ქომაგების ემოციები, აგრეთვე ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც იდეის წარმოჩენის დღიდან არსებობს, ცხადჰყოფს, რომ პროექტი შედგა.

,,დღეს ჩვენ თბილისის საკრებულოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილეებს, სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ, რომლებიც კიევში მიემგზავრებიან.  გვიხარია, რომ თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერით პროექტი ამ ეტაპზე დასრულებულია, თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გრძელდება. ჩვენთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ იმის გამო, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება, მეორე მხრივ კი – სკოლებში სპორტული ჟინის გაღრმავებაზე ზრუნავს. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველა მხარდამჭერს და კამპანიას – „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ახალგაზრდული ნაკრები ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში, მიმდინარე წლის 12-15 აგვისტოს, გაიმართება და მოსწავლეების მოტივაციასა და დაინტერესებას მინი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში, 2019 წელს დააფუძნა.

სასკოლო ლიგაში თბილისის 100-მდე სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

შეხვედრაზე ნაკრების წევრებს სპორტული ფორმის სასაჩუქრე კომპლექტები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე,  მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და აგრეთვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები