ვახტანგ შაქარიშვილი: კახა კალაძე საარჩევნო კამპანიას უმსხვილესი კორუფციული გარიგებით იწყებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კამპანია უმსხვილესი კორუფციული გარიგებით დაიწყო და ქალაქი სულ მცირე 123 მილიონი ლარით უკვე დააზარალა. განცხადება ამის შესახებ საკრებულოს წევრმა დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, კალაძის მერია მმართველობის სტილით და კორუფციის დონით ნაცმოძრაობის – უგულავას მერიას დღითიდღე ემსგავსება.
„გუშინ დასრულდა ფორმალური/ფიქტიური აუქციონი გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით და ყოველგვარი კონკურენციის პრინციპების დარღვევით სააკაშვილის ყოფილი, აწ უკვე „ქართული ოცნების“ მოლარე კომპანია ,,ვისოლი” 15 წლით გახდა უმსხვილესი ბიზნესის მონოპოლისტი, 34 მილიონად დაეპატრონა უფლებას, რომელიც თავად სახელმწიფო საექსპერტო ბიურომ 157 მლნ ლარად შეაფასა. მერიამ კი წინასწარი გარიგებით მხოლოდ ერთ კომპანიაზე მორგებული პირობებით მინიმუმ 123 მილიონი ლარით დააზარალა ქალაქი“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, ეს ის კომპანიაა, რომელზეც თავად კახა კალაძე 2012 წელს ამბობდა, რომ ბენზინის ფასიდან თითო ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიაქვთო.
„ეს არის ბიზნესკოჰაბიტაციის ნათელი გამოხატულება, რითიც ზიანდება ჩვენი ქალაქი და თითოეული თბილისელი. ამ სქემით თბილისი კარგავს შემოსავლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები პროექტი განხორციელდება, ნაკლები გზა დაიგება, ნაკლებ ადამიანს დავეხმარებით და ა.შ. ეს სქემა კლავს მცირე და საშუალო ბიზნესს ანუ ამცირებს სამუშაო ადგილებს, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ეს უკანონობა დაკანონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ბინძურ სქემებში გარეული თანამდებობის პირები პასუხს აგებენ თბილისელების და კანონის წინაშე.
ეს არის ადგილობრივ ხელისუფლებაში ქართული ოცნების ყოფნის და კალაძის 4 წლიანი მმართველობის პერიოდში უმსხვილესი გარიგება და ეს კორუფციული შლეიფი გაყვება მის საარჩევნო კამპანიასაც“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები