გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა
საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო. გენერლებმა შეხვედრა საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრით დაიწყეს.
როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს მოდერნიზაციის გზაზე, იმაღლებს ურთიერთავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და შეაქვს კონტრიბუცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კუთხით აღინიშნა ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობა.
გენერლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის განვითარებაში ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ამერიკული მხარის დახმარებით გადაიხედა საბრძოლო წვრთნების გეგმები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ამერიკელი ექსპერტები კი, ეროვნული გვარდიის როლისა და ფუნქციების განსაზღვრაში, ასევე, ეროვნული გვარდიის კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ. შეხვედრის დასასრულს ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოთქვეს და ერთმანეთს სასაჩუქრე დაფები გაუცვალეს.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მრავალეროვნული სწავლების – Agile Spirit 2021-ის დახურვას დაესწრება. – აღნიშნულია ინფორმაციაში.