თბილისის კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება.

„გარკვეულ უბნებსა და ქუჩებში უკვე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მანქანის პარკირების დროს პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება შემდეგ ქუჩებზე: გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი; საბურთალოს რაიონში იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე, რომელსაც ახალი ქუჩები ემატება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის და ლორთქიფანიძის ქუჩები. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას პარკირების 702 ადგილი შეემატება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, კონკრეტულ ქუჩებზე პირველ სექტემბრამდე იქნება განთავსებული.

„აღნიშნულ ჯიხურებში ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ავტომობილების რეგისტრაციაში, რათა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება სრულიად უფასოა. ასევე, პარკირება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთვის. რაც შეეხება საფასურს, ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 285 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები