ნარჩენების ღამის საათებში გატანის პროექტი, რომელიც შარშან, საპილოტე პროექტის სახით, ვაკის რაიონში დაიწყო, 1-ელი აგვისტოდან მთელ ქალაქში გავრცელდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტმა გაამართლა.
„საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა. პროექტი თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, წელს კი, 1-ელი აგვისტოდან ის მთელ დედაქალაქში გავრცელდა, პილოტის პერიოდში მიღებული შედეგების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები, თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე და დილის 10:30 საათიდან დღის 5 საათამდე პერიოდებში გაიტანენ. ეს საშუალებას იძლევა, რომ დღის განმავლობაში შეიზღუდოს დაახლოებით 100 ერთეული სპეცტექნიკის გადაადგილება იმ პერიოდში, როდესაც დედაქალაქის ქუჩები ტრანსპორტით განსაკუთრებულად დატვირთულია.
ღამის რეჟიმზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს, გაცილებით ოპერატიულად გაიტანოს ნარჩენი და ექსპლუატაციიდან ამოიღოს გარკვეული რაოდენობის მოძველებული და ამორტიზებული ნაგავმზიდი მანქანები“, – აცხადებს კალაძე.