მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა
მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატება კედლები.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა, თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.
მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი, ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა.
გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და სკვერის მოწყობის პროექტის დეტალები გააცნო.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 131 882 ლარია გათვალისწინებული.