დათო მაღრაძე: სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა სასარგებლოა და არა ქვეყნის მართვის მათთვის გადაბარება
“სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა სასარგებლოა და არა ქვეყნის მართვის მათთვის გადაბარება”,- ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აღნიშნა.
„კრიზისი დარჩა, მაგრამ მოსახლეობაში ისეთი სიმძაფრით აღარ აღიქმება, როგორც პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებში. საპროტესტოდ განწყობილი ხალხი გაიკრიფა. ქართველმა საზოგადოებამ და აქ აკრედიტებულმა ელჩებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია მხარდამჭერების გარეშე დარჩა – რუსთაველზე ორი კარავი და სააკაშვილის გახუნებული პორტრეტი იდგა. ასე რომ, ხელისუფლების ეს ნაბიჯი არსებულ რეალობას დაემთხვა. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ, რადგან მოსახლეობაში კრიზისი, ასე თუ ისე, განმუხტულია. კიდევ ერთი – როგორი პარტნიორული ურთიერთობაც უნდა გქონდეს ვინმესთან, არ შეიძლება ქვეყანა სამუდამო მმართველობაში გადასცე, გნებავთ ევროკავშირს ან სტრატეგიული პარტნიორობის ელჩებს. სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა სასარგებლოა და არა ქვეყნის მართვის მათთვის გადაბარება.