ხათუნა ლაგაზიძე: დღეს ოპოზიცია ისეთი ჭრელი და დაქსაქსულია, როგორიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში შესვლამდეც არ ყოფილა
დღეს ოპოზიცია ისეთი ჭრელი და დაქსაქსულია, როგორიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში შესვლამდეც არ ყოფილა, – ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განცხადა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიცია სამ კატეგორიად არის დაყოფილი.
,,ეს დაქსაქსული ოპოზიცია, რომლის ნაწილიც პარლამენტში შესვლის შემდეგ იქცა “ქართული ოცნების” ლეღვის ფოთლად, ნაწილი კი საკუთარ სკამებს არის ჩაბღაუჭებული და სხვა მიზნები აღარც აქვს, დასავლეთს უკეთეს პერსპექტივას ვერ დაანახებდა და ისიც იძულებული იყო, ხელისუფლებაში მყოფ ძალასთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა.
როდესაც შეთანხმებას მიაღწიეს, მათი ლიდერი ციხეში იყო და იმ ეტაპზე ამიტომ თქვეს უარი. ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ, ალბათ, შეიძლებოდა შეთანხმებას შეერთებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე უარის თქმით და პარლამენტში შესვლით სცადეს დაებალანსებინათ ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოში მათი შესვლის მოწინააღმდეგე ამომრჩეველსა და დეპუტაციის იმ ნაწილს შორის, რომელსაც პარლამენტში შესვლა სურდა. ამით, ასე ვთქვათ, პარტიაში რყევები აირიდეს, მაგრამ აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. მოაწერდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ხელს ამ დოკუმენტს, დარწმუნებული იყავით, რომ “ქართული ოცნება” ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდა. უბრალოდ, მათ ამისთვის “ნაციონალური მოძრაობის” საბაბად გამოყენების საშუალება აღარ ექნებოდათ, თუმცა, ალბათ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ. ფაქტია, “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით არა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” მიეცა სალაპარაკო, არამედ დასავლეთსაც, რომლის წარმომადგენელთაგან უკვე არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ პროცესში თავისი პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობასაც” აქვს.
დღეს ოპოზიცია ისეთი ჭრელი და დაქსაქსულია, როგორიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში შესვლამდეც არ ყოფილა. მაშინ ერთგვარ სახეს მაინც ინარჩუნებდა, დღეს კი ოპოზიცია სამ კატეგორიად არის დაყოფილი. პირველი – ეს არის ე.წ. ლეღვის ფოთოლი, რომელიც დიდი სიამოვნებით ირგებს “ქართული ოცნების” ადვოკატის როლს და ამის არც ერიდება; მეორე ნაწილი აშკარად არ გამოხატავს “ქართული ოცნების” მხარდაჭერას, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ეს მისთვის ბოლო პარლამენტია და ამიტომ ყველანაირად ებღაუჭება სადეპუტატო სკამს; მესამე ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპოზიციაა, თუმცა ეს ვითარება ძალიან ართულებს ოპოზიციაში საერთო ხედვის და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ყველგან მერობის ერთიანი კანდიდატები უნდა წამოაყენონ, მაგრამ მათ სჭირდებათ საერთო გენერალური ხაზი, ამისთვის ბრძოლა და ამომრჩევლის მაქსიმალურად მოტივირება, ეს ხაზი კი გადის იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერაფრით აიღოს 43%. როგორც კი ამას ვერ შეძლებს, მისი დაშლა დაიწყება…
აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ოპოზიციის გენერალური ხაზი უნდა იყოს ამომრჩევლის შემოკრება ერთი გზავნილით – ეს არ არის არჩევნები მხოლოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის დასაკომპლექტებლად, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა შეძლოს დასავლურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლება და უსაფრთხოება იქნება დაცული. თუ ავტორიტარიზმის ნიშნები გაძლიერდა, თუ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ დიქტატურაში ამოვყავით თავი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. თუ არ გვინდა იმ კოშმარში დაბრუნება, რომელიც უკვე გამოვიარეთ, როდესაც ავტორიტარულ-კრიმინალური სახელმწიფო გვქონდა, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. აი, ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი, თუმცა ძალიან მეეჭვება, ოპოზიციამ თუნდაც ამ გენერალური ხაზის დაცვა მოახერხოს,” – განაცხადა ლაგაზიძემ.