აკრედიტაცია მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2021“ იუბილარია
საერთაშორისო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit) იუბილარია. წელს საქართველო მას უკვე მეათედ უმასპინძლებს.
Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლების Agile Spirit 2021 მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება; მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება.
Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. საიუბილეო Agile Spirit 2021 წინა სწავლებებისგან განსხვავებით გამორჩეული და მასშტაბურია: საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“. მასშტაბურია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა – წელს მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, ესპანეთი, კანადა, იტალია და ლიეტუვა.
წვრთნაში 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მასშტაბურია სწავლების ჩატარების თეატრიც, რომელიც ხუთ ლოკაციაზე გაიშლება – სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე.
საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში, წელს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში პირველად ჩატარდება კომბინირებული საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. საიუბილეო სწავლების კიდევ ერთი სიახლე სპეციალური ოპერაციების ძალების მიმართულებაა – საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში, წელს პირველად ხდება, როცა სწავლებაში ჩართული იქნება საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის და პოლონეთის სპეციალური ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც განახლებულ და ნატოს სტანდარტების სორტას საწვრთნელ ბანაკში კომბინირებულ ოპერაციებს განახორციელებენ. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებითა და საჰაერო-სადესანტო ოპერაციებით, ასევე გაერთიანებულ ოპერაციებში სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას. მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან დაესწრონ და გააშუქონ Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები, უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 21-დან 23 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე.
დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე: pr@mod.gov.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი მედიასაშუალებისდასახელება პოზიცია ტელეფონის ნომერი პირადი ნომერი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.