გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაკარგულია (ფოტო, ვიდეო)

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ათობით მოქალაქე დაკარგულია.

ამის შესახებ Bild -ი წერს.

დილიდან მხოლოდ 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

სტიქიამ მოიცვა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისა და რაინლანდ-პფალცის მიწები. ყველაზე მეტად დაზარალდნენ რაიონები – არვაილერი და ეუსკირხენი.

დილიდან 70 დაკარგულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს რიცხვი მცირდება.

შექმნილია ცხელი ხაზი, რომელზეც იმ ადამიანებს შეეძლებათ დარეკვა, რომლებიც ნათესავებს ვერ უკავშირდებიან, ასევე, ისინი შეძლებენ, გაგზავნონ ფოტო და ვიდეო შემთხვევის ადგილიდან, რაც სამძებრო სამუშაოებში მაშველებს შეუწყობს ხელს.

პოლიციის ინფორმაციით, არვაილერში 50-მდე ადამიანია ბლოკირებული საკუთარი სახლების სახურავებზე.

სტიქიურ უბედურებას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გამოეხმაურა და თქვა, რომ კატასტროფის მასშტაბით არის შოკირებული.

”სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს და მთელი გულით ვუხდი მადლობას დაუღალავ მაშველებს,” – თქვა მან.

მერკელი ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კანცლერის რანგში ბოლო შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები