საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ. თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში ეროვნული გეგმისა და შიდაუწყებრივი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დამატებით განხორციელდა საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე პირადი შემადგენლობის ვაქცინაცია.
ამჟამად უკვე ვაქცინირებულია თავდაცვის სამინისტროს პერსონალის 17%. საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად.
აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები