ნინო წილოსანი: მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ჟურნალისტებთან ერთად იდგა და იცავდა
“შსს-სგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, უფრო ეფექტურად რატომ ვერ მოხერხდა გუშინდელი დღის მართვა”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც გუშინ იყვნენ გამოსული, გარკვეულწილად, წახალისებულნი იყვნენ სხვა უფრო მეტი ადამიანის მოთხოვნით, რომ მათგან განსხვავებული ადამიანების, თუნდაც, ლგბტ თემის უფლება უნდა შეზღუდულიყო.
„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო და ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, მოვითხოვთ, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკური ვალდებულების ფარგლებში, ყველა პირი იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო მსგავსი პროცესების მართვის კუთხით და შს სამინისტროსგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, რამდენად ეფექტურად ან რატომ ვერ მოხერხდა უფრო ეფექტურად გუშინდელი დღის მართვა, რომ ამდენი ჟურნალისტი, მოქალაქე თუ ტურისტი არ მოხვედრილიყო ამ რაღაც ძალიან მძიმე გაუგებრობაში. მეორე მხრივ, ალბათ, ბევრი გვაქვს სამუშაო ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან ის ადამიანები, ვინც გუშინ იყვნენ გამოსული, გარკვეულწილად, წახალისებული იყვნენ სხვა უფრო მეტი ადამიანის მოთხოვნით, რომ მათგან განსხვავებული ადამიანების, თუნდაც ლგბტ თემის უფლება უნდა შეზღუდულიყო.
მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ჟურნალისტებთან ერთად იდგა და იცავდა. აქ არ არის საუბარი სტრუქტურაზე, საუბარია იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც იქ ჟურნალისტებს იცავდნენ. შესაძლოა, არ იყო პოლიციის ის რაოდენობა, რომ სათანადოდ უზრუნველეყოთ ყველა ადამიანის უსაფრთხოება და ამდენი დაზარალებულიც ამის გამოა.
ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ შს სამინისტროს ინფორმაცია, რამდენად ეფექტურად ხდებოდა გუშინდელი დღის მართვა“, – განაცხადა წილოსანმა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.