საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ლაკრუასა და ჯიორჯიო ლოდოს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი – სალომე შენგელია, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანლის მოადგილე – ვაჰაგ მურადიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი  – ალექსანდრე რამიშვილი ესწრებოდნენ.
გენერალური პროკურორის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ასევე, ნათია მერებაშვილმა იმ რეფორმებისა და პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2016 წლიდან პროკურატურაში აღნიშნული მიმართულებით განხორციელდა.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დანერგილ პროკურორთა სპეციალიზაციაზე დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით, რომლებზეც სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, სტატისტიკური მონაცემები მიეწოდათ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, პროკურორთა სპეციალიზაცია მკვეთრად ზრდის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და ეს პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლის ზრდაზეც აისახა.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მსხვერპლზე და დაზარალებულზე ორიენტირებულ მხარდამჭერ მიდგომებს, გამოწვევებს, ასევე, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს და ფუნქციებს. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას, მონაცემთა ერთიანი, სრულყოფილი, ზუსტი და გამჭვირვალე სისტემის შექმნას და გამოქვეყნებას.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებული საკითხები განიხილეს და პროკურორებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და სპეციალური სტატისტიკის წარმოებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, ძალისხმევის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები