შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ლაკრუასა და ჯიორჯიო ლოდოს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრები საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში ეწვივნენ. მისიის მიზანია დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების შეფასება.
შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში უწყების მიერ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასეს. დელეგაციის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებულ ეფექტიან ზომებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.