სანზონის დასახლებაში, ორ მისამართზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში კორპუსების ეზოების მოწესრიგება გრძელდება. გზის რეაბილიტაცია დასრულდა სანზონის დასახლებაში, არბოს ქუჩის ა და ბ კორპუსების მიმდებარედ, სადაც საგზაო სამუშაოების დაწყებამდე მიწისქვეშა კომუნიკაციებიც შეიცვალა.

ორივე კორპუსში 402 გრძივი მეტრი წყალარინების შიდა და გარე ქსელი რეაბილიტირდა, 282 გრძივ მეტრზე კი წყალსადენის სისტემა შეიცვალა, ასევე, 13 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა – მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.

დასრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ამ პროექტით 111 ოჯახს მოუგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები. ორივე კორპუსში შევცვალეთ მოძველებული კომუნიკაციები, გზა დავაგეთ და ასევე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ექვსივე დაზიანებულ ლიფტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე არსებული ქსელებისა და გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 150 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები