ვახტანგ ძაბირაძე: დღეს “ქართული ოცნება” თუ წარმატებულია, ამას სწორედ ოპოზიციის უსუსურობა განაპირობებს

“დღეს “ქართული ოცნება” თუ წარმატებულია, ამას სწორედ ოპოზიციის უსუსურობა განაპირობებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ანალიტიკოსმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, ღარიბაშვილს იმის გეგმა წარმოედგინა, 2024 წლამდე რას აპირებენ, როგორ უნდა დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი.

,,არაერთი ხელისუფლება და მათი გეგმები მინახავს. იყო დრო, კომუნიზმში შესვლა იგეგმებოდა, მინახავს 30 და 20-წლიანი გეგმები და ა.შ. ყველა ხელისუფლება ცდილობს რაღაც ახალი თქვას, ოღონდ დღეს-ხვალ კი არა, არამედ მომავალში. თავისთავად, როცა დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს 10-წლიან გეგმაზე, ეს ყოვლად გაუგებარია და რატომ, ახლავე ავხსნი…

უპირველესად, იმიტომ, რომ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა ეშველება ამ გეგმას? ამასაც რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ, ამ ცოტა ხნის წინ ასეთი ან შეიძლება უკეთესი გეგმა ჰქონდა ღარიბაშვილის წინამორბედ პრემიერსაც, რაც, სხვათა შორის, პარლამენტშიც გაახსენეს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ სად არის დღეს ეს პრემიერი და სად მიიკარგა მისი გეგმა? როგორც მახსოვს, გეგმა ჰქონდა კვირიკაშვილსაც. ერთადერთი “პატიოსანი” კაცი ამ თვალსაზრისით, ბახტაძე აღმოჩნდა, თუმცა, მგონი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწრო გეგმის შედგენა.

მოკლედ, ამ შემთხვევაშიც არანაირი სიახლე არ ყოფილა. რა 10-წლიან გეგმაზეა ლაპარაკი, როდესაც ხვალ-ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. ჩემი აზრით, ეს გამიზნული იყო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. კვლავაც დაპირებებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას.
თუ ლაპარაკია შინაარსზე, რაც ითქვა, მშვენიერი გეგმაა, თუმცა არც მისი შესრულების გზები და არც ის, რა დრო აქვს “ქართულ ოცნებას” ამისთვის, ცნობილი არ არის. მოკლედ, ეს გეგმა არარეალურია.
ხვალ რომ შეცვალონ ღარიბაშვილი, მისი გეგმა არქივში წავა. რომც არ შეცვალონ, მაინც არქივისთვისაა განწირული, რადგან ის მიმართულებები, რაზეც იქ ლაპარაკობს, საკითხავია, თუ რამდენად შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებას, თან ყოველივე ეს ხომ ცვალებადია.

კი ითქვა, რომ 5 წელიწადში გადავხედავთ და კორექტივებს შევიტანთო, მაგრამ ისიც უცნობია, 5 წლის შემდეგ რა იქნება ქვეყანაში. ამიტომაც მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, ღარიბაშვილს იმის გეგმა წარმოედგინა, 2024 წლამდე რას აპირებენ, როგორ უნდა დასძლიონ ეკონომიკური კრიზისი.

ეს საანგარიშო გამოსვლა დაახლოებით იმის მაჩვენებელი იყო, არჩევნებზე რა ლოზუნგებით გამოვა “ქართული ოცნება”. იყო ლაპარაკი მუნიციპალური განვითარებისთვის დასახარჯ 500.000 მილიონზე, რაც პირდაპირ უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს.

ოპოზიციის ქცევაში არსებითად არაფერი შეცვლილა, ისევ ერთსა და იმავეს იმეორებენ. რაზეც ლაპარაკობენ, მტკივნეული თემებია, მაგრამ ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულება კვლავაც უკიდურესად აგრესიულია, რაც არ პასუხობს მოსახლეობის განწყობას. საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო “ლიბერთი ბანკისა” და პენსიონერების, ასევე ვეტერანების თემის წამოწევა და ვიცით, რომ ხელისუფლებაც აპირებს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს კითხვები დაისვას უფრო ზუსტად და პარლამენტარები დროს შეფასებებში არ კარგავდნენ. ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი უფრო შეფასებებით გამოდიოდა და კითხვებს ნაკლებად სვამდა. ველოდი, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის ქცევაში დიდი არაფერი შეიცვლებოდა, უბრალოდ, ქუჩიდან გადაინაცვლებდნენ შენობის კედლებში და ასეც მოხდა”, – განაცხადა ძაბირაძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ში ქართველ ოპოზიციონერთა გახშირებული ვიზიტები ვიხილეთ. ჯერ ვაშინგტონს ეწვია “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია, რომელსაც უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. ვაშინგტონში იმყოფებოდნენ გახარიას პარტიისა და “ლელოს” წარმომადგენლებიც. ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციონერები აშშ-ში ვისაც შეხვდნენ, ყველას იმას უმტკიცებდნენ, “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არა აქვს, 43%-ს ვერ აიღებს­ და თუ არჩევნების შედეგად მაინც ასე გამოაცხადეს, ესე იგი, გააყალბესო.

,,ერთხელ ვიხუმრე, ქართველი “უფლისწულები” აშშ-ში, როგორც “ოქროს ურდოში”, ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ-მეთქი და იგივე ხდება ახლაც.

ყველა ოპოზიციური პარტია ჩადის და ცდილობს, ის იქცეს ვაშინგტონის ფავორიტად და საქართველოში დაბრუნდეს მხარგაშლილი, როგორც ძალა, რომელზეც ფსონს დადებენ.

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად არის სამი მოთამაშე: ადრე თუ რუსეთი იყო მესამე ძალა, ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ერთად, უკვე დასავლელი პარტნიორები არიან, თუმცა რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები