კახა კალაძე: თბილისის ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება

თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის სხვადასხვა უბანში თანაბარი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

„პარკებისა და სკვერების მოწყობისას ჩვენი კონცეფცია ასეთია – ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში მოექცეს. ეს იქნება საცურაო აუზი, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები და სხვა. მსგავსი ადგილებით ყველა თაობის ადამიანმა უნდა ისარგებლებს. ადრე იყო ტენდენცია, რომ სპორტით მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებოდნენ. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა რაიონში, უბანში მულტიფუნქციური სივრცეები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„როდესაც საქმიანობას შევუდექით, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ. 2018-2021 წლებში, თბილისში აშენდა სამი სპორტული ცენტრი; განთავსდა 400-მდე გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500-ზე მეტ სპორტულ მოედანს; რეაბილიტირდა რვა სახელოვნებო სკოლა და შვიდი სპორტული ცენტრი; ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა ექვსი სპორტული ცენტრი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ ორი დიდი ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას ვასრულებთ. ასევე, მთაწმინდის სპორტული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილსა და დიდი დიღომში ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცოტნე დადიანის ქუჩაზე კი, სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ახლო მომავალში დაგეგმილია სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წყნეთის გზატკეცილზე ფეხბურთის დახურული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი აშენდება. „მზიურში“ მდებარე ფეხბურთის მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ასევე, მოხდება ქალთა და შშმ პირების გუნდების/კლუბების ხელშეწყობა. ამ პროგრამის ფარგლებში, მათ შევუძენთ ეკიპირებას, ვუქირავებთ სივრცეებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები