მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
„სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაა, რასაც გეგმიურად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ. მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ არაერთი მნიშვნელოვანი კაპიტალური პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანია სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილური წყალმომარაგება. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ქეშალოს სატუმბი სადგურის აღდგენას მოიცავდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა სატუმბი სადგური – დაემატა ტუმბოები, კოროზირებული მილსადენები ახალი მილსადენებით შეიცვალა, მოეწყო წყალმიმღები ნაგებობა, დამონტაჟდა ახალი ურდულები და განათების სისტემა“, – განაცხადა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.
განხორციელებული სამუშაოები სატუმბი სადგურის საიმედო და უწყვეტ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.