გიორგი ოდიშელიძე – ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი ყვარელიდან
გიორგი ოდიშელიძე დაიბადა 1899 წლის 25 ნოემბერს ყვარელში გენერლ იასონ ოდიშელიძის ოჯახში. 1917 წელს, თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო. 1918 წელს კი, გიორგი კვინიტაძის ძალისხმევით, თბილისში დაარსებული ქართული სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი გახდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 1920-1921 წლებში გიორგი ოდიშელიძე უკვე იუნკერთა სკოლის პედაგოგი – ზემდეგია. 1921 წლის თებერვალ–მარტში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრისას იგი სხვა იუნკერებთან ერთად იბრძოდა კოჯორ–ტაბახმელასთან. აქტიური მონაწილეობა მიიღო ოსმალო ასკერებისგან ბათუმის განთავისუფლებაში.
გიორგი ოდიშელიძე 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ – საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს ოთხ იუნკერთან (ნიკოლოზ (კუკური) თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) ერთად საფრანგეთის სენ–მიქსენის სამხედრო სასწავლებლის კურსანტი გახდა, რომლის გავლის შემდეგაც უმაღლესი სატანკო სასწავლებელი დაამთავრა. დაინიშნა ქ. ნანსის 513–ე სატანკო ათასეულის მეთაურად. რამდენიმე წლის შემდეგ გადაიყვანეს საინჟინრო შენაერთებში.
უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ოდიშელიძე 1922 წელს საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. 1926 წელს სირიაში გაემგზავრა, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობდა. 1935 წელს კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა.
II მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანია საფრანგეთში შეიჭრა, საფრანგეთის მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაცია შეეხო საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელებს და მათ შორის, 170 ქართველსაც. ამ პერიოდისთვის ქართველ ემიგრანტთაგან ბევრი მსახურობდა უცხოურ ლეგიონში და ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც საუკეთესო მეომრები.
ომის დაწყებისას გიორგი ოდიშელიძე უცხოური ლეგიონის ქვეითთა პოლკში მსახურობდა. 1940 წლის აპრილში მას დაავალეს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ბარკარესში ქართული სამხედრო შენაერთის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა მხოლოდ ქართველი პროფესიონალი სამხედროებით და მოხალისეებით. ეს იყო ქართული ნაწილი „Unite Georgine“, რომელიც შემდეგ სოფელ სეტფორში გადაიყვანეს. ნაწილის გასაძლიერებლად, მაროკოში განლაგებული საფრანგეთის ჯარის შტაბის ბრძანებით, ქართველი ლეგიონერები ბარკარესის სამხედრო ბანაკში გადაისროლეს. ნაწილის შესავსებად ქართველები რომ არ ეყოთ, ფრანგი და ესპანელი ლტოლვილებიც შეიყვანეს. „Unite Georgine“-სა და საფრანგეთის სარდლობას შორის შუამავალი ფრანგი ოფცერი პიო იყო, რომელიც ქართველებს დიდ პატივს სცემდა. დაიწყო ნაწილის ინტენსიური წვრთნა, მაგრამ 1940 წლის 14 ივნისს პარიზი გერმენელებს ჩაბარდა და მარშალმა პატენმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას. 1941 წლის დამლევიდან ორი წლის მანძილზე მაიორი ოდიშელიძე ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას.
1943 წელს გიორგი ოდიშელიძე ტუნისში იბრძოდა, მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების სამხედრო ოპერაციებში. 1944 წელს მიენიჭა საფრანგეთის არმიის კოლონელის (პოლკოვნიკის) სამხედრო წოდება. 1945 წელს იგი მიწვეული იქნა საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს რადიოკომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელად. 1947 წლის დეკემბერში გავიდა თადარიგში სამხედრო სამინისტროს სრული პენსიით და მოღვაწეობა დაიწყო სამოქალაქო სექტორში, ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას.
გიორგი ოდიშელიძე იყო ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი. საბრძოლო მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. საფრანგეთის მთავრობამ ოთხჯერ გამოუცხადა მადლობა ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის. საფრანგეთში გამოცემულ ყველა ნაშრომში, რომელიც ეძღვნება უცხოური ლეგიონის ბრძოლებს აფრიკაში გერმანელების წინააღმდეგ, აღწერილია გიორგი ოდიშელიძის სამხედრო დამსახურება. მისი სამხედრო ღვაწლი კარგად არის წარმოჩენილი იუნკერ შოთა ნიკოლაძის ვაჟის, რევაზ ნიკოლაძისა და მისი მეუღლის, ფრანსუაზის წიგნში „ქართველები საფრანგეთისათვის ბრძოლაში 1939-1945 წლები“.
პარიზში გიორგი ოდიშელიძე დაქორწინდა საქართველოს მთავარსარდლისა და იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის, თავის მასწავლებლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შუათანა ქალიშვილ თამარზე (თამი), რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ნოდარი, მერაბი და ეკატერინე.
გიორგი ოდიშელიძე გარდაიცვალა პარიზში 1970 წელს, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.