თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს“ მასპინძლობს

თბილისს ესტონელი, ლიეტუველი და ლატვიელი ე.წ. „ანგელოზი ინვესტორები“ ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამასთანავე ძალიან ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც ადგილობრივ მეწარმეებს გაუზიარებენ  სტუმრები.

მინდა აღვნიშნო, რომ Emerging Europe-მა ეკონომიკური პოტენციალის კატეგორიაში თბილისი პირველ ადგილზე დაასახელა. ამასთანავე, FDI Intelligence-ის „მომავლის ევროპის ქალაქების“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა.  ამგვარი აღიარება და მაღალი შეფასებები საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების  ინვესტორებს სთავაზობს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს; ბიზნესისადმი მეგობრულად განწყობილ რეგულაციებს, პროგნოზირებად ბიზნეს გარემოს და რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის მოტივირებულ ადგილობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერის მოადგილის თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტარტაპების რაოდენობა, რაც სექტორის პოტენციალზე მეტყველებს.

„მიგვაჩნია, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის განვლილი გზა წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას ინვესტიციების მოზიდვის და ახალი შესაძლებლობის შეთავაზებით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„ანგელოზ ინვესტორთა“ ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ე.წ. „pitch day“-ს.

ღონისძიებაზე განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „pitch day“, (მოკლე პრეზენტაციების წარდგენა) რომელიც 24 ივნისს ჩატარდება. ღონისძიებაზე წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს  შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი საინვესტიციო პროექტები უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე ფინანსების მოზიდვის მიზნით.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელის, AXEL-ის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია „თიბისი ბიზნესი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები