რა გაკეთდა თბილისში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით – მერიამ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კუთხით, კიდევ უფრო მეტი თანხა დაიხარჯა.

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია. უკვე რამდენიმე კვირაა დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე თბილისის მთავრობა. ამ წლების განმავლობაში, მოსახლეობას ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას კონკრეტულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა გვეწურება, ვალდებული ვართ, მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდოთ. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკას, ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. ამისთვის ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხებს გამოვყოფთ. მიუხედავად რთული ვითარებისა, პანდემიისა, ეს იყო სფერო, რომელსაც ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია. პირიქით, კიდევ უფრო მეტი დაიხარჯა იმისთვის, რომ მოქალაქეების ხელშეწყობა და თანადგომა ყოფილიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  2018–2021 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა დაინერგა.

„ეს პროგრამებია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი: ფილიალების დამატება, ყველა ფილიალის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა (2 000 000 ლარამდე ინვესტიცია) და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“. 2018-2021 წლებში „ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში, 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან ღვიძლის გადანერგვა დაუფინანსდა 24 პაციენტს. ერთ მოქალაქეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია 70 000 ლარით უფინანსდება; გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით, 2020 წლიდან მომსახურებას იღებს 87 პაციენტი. ერთი პაციენტისთვის – წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით, ძვირადღირებული პრეპარატები მიიღო 397-მა პაციენტმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც ამ ეტაპზე, 1 375 პირი სარგებლობს.

„ერთ-ერთი მნიშვენელოვანი მიმართულებაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა, რომლითაც სარგებლობს – 1 375 პირი. აქ გვქონდა სერიოზული პრობლემა. მომლოდინე ბავშვების რაოდენობა იყო საკმაოდ მაღალი. ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ და მომავალშიც მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომლოდინე ბავშვების რაოდენობა არ არსებობდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა. ის ფართები რომელიც ამ ადამიანებს გადაეცათ, ჯამში, თანხობრივად 225 მილიონ ლარზე მეტია.  ასევე, 2018-2021 წლებში დაიწყო მუშაობა დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტისთვის. ქალაქში იდენტიფიცირებულია 179 დაუმთავრებელი  მშენებლობა. ესენი არიან ძირითადად „ცენტრ პოინტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ და „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანები. „სვეტსა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავთან“ მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ხოლო „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით არ მინდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოვაცხადო, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც სრულად მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ბოლო წლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ შესაბამისი ახალი სტანდარტები საბავშვო ბაღებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სისუფთავეა, როგორი დიზაინი და თანამედროვეობაა შეტანილი ახალ ბაღებში. ასევე, არსებობდა ავარიული ბაღები, რომლებიც გავამაგრეთ, ხოლო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, ახალი ბაღები აშენდება. ჯამში, ბოლო წლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერა, სწავლის დაფინანსება, სატრანსპორტო შეღავათები და ა.შ. მინდა იცოდეს თბილისის მოსახლეობამ, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს, ვისაც უჭირს და ჩვენი, სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები