„ნაცმოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის ტრიბუნებზე 20 ივნისის ღამეს დაშავებული აქტივისტების ამსახველი ფოტოები გააკრეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის ტრიბუნებზე 20 ივნისის ღამეს დაშავებული აქტივისტების ამსახველი ფოტოები გააკრეს.
პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს სიტყვით მიმართა.
“20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენდა თქვენი მმართველობის სიმბოლოს, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს პოზიცია, როგორიც არ უნდა ყოფილიყო სოციალური პოლიტიკა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც თვალები დასთხარეს, ჯანმრთელობა დაუზიანეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდა მანიფესტაციაზე. თქვენ ეგუებით, ძვირფასო უმრავლესობის წარმომადგენლებო, იმას, რომ საქართველოში არის უკიდურესი სიღარიბე, თქვენ ეგუებით იმას, რომ დაზარალებულებს წლების განმავლობაში არ მიანიჭეს დაზარალებულების სტატუსი, ეგუებით იმას, რომ საქართველოში არსებობს საგარეო ვალი, რომელიც არის 64% და დეფოლტის ზღვარზე ვართ. თქვენ ეგუებით იმას, რომ ადამიანები გაწირეთ ძალიან მარტივად, არაფრის გამო, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, ამიტომ, ამას თუ ეგუებით, რა თქმა უნდა, თქვენ ყველაფერს შეეგუებით, მათ შორის, საქართველოს ინტერესების დანგრევას. ამიტომ, ეს ხალხი გახსოვდეთ”,- მიმართა დეკანოიძემ მმართველ გუნდს.