ნინო ლომჯარია – მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ: ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში

სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მომდევნო კვირაში ის და მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ერთად ჩავლენ.

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და, შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენს მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ კვირაში მე მაქვს წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, როდესაც დასრულდება მოსმენა, ამის შემდეგ, ალბათ მომავალი კვირის ბოლოს გვექნება ერთობლივი ვიზიტი. ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები