რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. ამ თემაზე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი COVID-19-ის სხვადასხვა შტამის გავრცელებაა.
„შეიძლება, მრავალი ვერსია არსებობდეს, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში ანალიზდება ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი არის ახალი შტამები, რომლებიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. დაავადების მიმდინარეობაც სხვადასხვა სირთულის არის. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ლეტალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია ტესტირება (ვირუსის) დროული აღმოჩენისა და დროული მიმართვისთვის ექიმთან და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ უკვე იწვევს იმ შედეგებს, რაზეც კითხვები ისმის. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც გეოგრაფიულად, ასევე, რაოდენობრივად, ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ყველა საეჭვო სიმპტომზე მივიდნენ და გაესინჯონ“, – განაცხადა მინისტრმა.