მეუფე იაკობი – ნინოწმინდის პანსიონზე: უნდა მქონდეს რეალური ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებ ზომებს, საწყის ეტაპზე, რამდენიმე სახლს ავაშენებთ, სადაც ოჯახური გარემო იქნება
ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანლის, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუე იაკობის განცხადებით, უახლოეს მომავალში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდება.
მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე სახლი აშენდება და ოჯახური გარემო იქნება.
„შეხვედრა მექნება ძალოვან სტრუქტურებთან, ვნახავ, თუ რამე საქმე იციან. რასაც ადამიანები ლაპარაკობენ, იმაზე რეაგირება ვერ მექნება. უნდა მქონდეს რეალური ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებ ზომებს. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ; საწყის ეტაპზე, რამდენიმე სახლს ავაშენებთ, სადაც ოჯახური გარემო იქნება. 2022 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მსოფლიოშია მიღებული. ეს მოხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ხან ამბობენ, „რატომ დაინიშნა მეუფე?“… მაშინ ჩაატარონ შიდა არჩევნები, გვითხრან, ვინ დავნიშნოთ და შეიძლება, გავითვალისწინოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.