ომბუდსმენი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: იმედი მაქვს, უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მათ შორის, ახალი მენეჯმენტის მხრიდან
“იქედან გამომდინარე, რომ ბავშვებზე ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ჩვენ მათთვის არ გვინდოდა, ზედმეტი სტრესი მიგვეყენებინა, ამიტომ, ველოდით სიტუაციის დეესკალაციას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ ახალი მენეჯმენტის მხრიდან მკაფიო გზავნილები იქნება.
“იქედან გამომდინარე, რომ ბავშვებზე ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ჩვენ მათთვის არ გვინდოდა, ზედმეტი სტრესი მიგვეყენებინა, ამიტომ, ველოდით სიტუაციის დეესკალაციას.
რა თქმა უნდა, შევხედავთ რამდენიმე დღე, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, მათ შორის, ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას იქ არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლის განხორციელების საფუძველი.
ჩვენ ასევე დავაკვირდებით, უახლოეს დღეებში ხომ არ შეჩერდება ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან, იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ვხედავდით, რომ ეს აქტიურად ხორციელდებოდა. იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, თუმცა თუ დავინახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიდეთ ადგილზე და განვახორციელოთ მონიტორინგი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.