ძველთბილისური მოღნინი, მნაცაკანოვის ხიდი და მეფის ფუნდუკი

თ. კვირკველიას წიგნი „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძველთბილისურ დასახელებას, რომელსაც წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს და თბილისზე, მით უფრო, ძველ თბილისზე შეყვარებულ ადამიანს განსაკუთრებით დააინტერესებს.


მეფის ფუნდუკი – გვიანფეოდალური თბილისის გეგმაზე სიდიდით გამოირჩეოდა მეფის ქარვასლა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი „მეფის ფუნდუკს“ უწოდებს. ქარვასლას მთელი კვარტალი ეკავა რასტბაზარს, ხარაზხანასა და პატარა სირაჩხანას შორის (აწინდელი სიონის, აფხაზის (ლესელიძის) ქუჩებს, სიონის შესახვევსა და სკვერს შუა). ქარვასლა რთული მოხაზულობისა იყო, რომლის ცენტრს შეადგენდა შიდა ეზოში, სიონის ქუჩისკენ (ძველ რასტაბაზრისკენ) მიმართული შესასვლელით, მეფის ქარვასლა საბუთებში 1672 წლიდან იხსენიება. მე–19 საუკუნეში აღა–მაჰმად ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული შენობის ადგილზე ახალი, თეკლეს ქარვასლა აშენდა.

მოღნინი – სომხურ–გრიგორიანული სარწმუნოების ეს ეკლესია დგას თბილისის ისტორიულ ნაწილში – კალაში. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, მის მშენებლებს ნიმუშად ეჩმიაძინის ეკლესია მიუღიათ. ფრანგი მოგზაური და კომერსანტი ჟან შარდენი (XVII ს.) ამ ეკლესიის სახელთან დაკავშირებით სადღაც გაგონილ ასეთ ლეგენდას გვთავაზობს: „მოგნაი ერევანთან მდებარე სომხების ერთი სოფლის სახელწოდებაა, სადაც როგორც ირწმუნებიან, დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა წმინდა გიორგის თავის ქალა. მაგრამ შემდეგ თავის ქალის ნაწილი აქედან მოგნაის ეკლესიაში გადმოუტანიათ. ამ უკანასკნელისათვის სწორედ ამიტომ უწოდებიათ იმ ადგილის სახელი, საიდანაც იგი წამოიღეს“. ადრე აქ ორი ეკლესია მდგარა: დიდი და პატარა მოღნინი. დიდი მოღნინი 1751 წელს არის აგებული, ხოლო პატარა – 1754 წელს.

მნაცაკანოვის ხიდი – 1852 წელს სეიდბადის განაპირას, დღევანდელი 300 არაგველის ხიდის ხაზზე ხის ხიდი აშენდა (მე–15 საუკუნეში აქ „კახეთის ხიდი“ არსებობდა ცხვრის გადმოსარეკად, იგი მე–17 საუკუნეში დაინგრა შაჰ–აბასის შემოსევისას). ხიდი ეკუთვნოდა კერძო პირებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ბაჟი დააწესეს ხიდით სარგებლობისათვის. ერთი წლის შემდეგ ხიდი შეისყიდა ვაჭარმა ი. მნაცაკანოვმა და ქალაქს გადასცა. აქედან მოდიოდა მისი დასახელებაც.

1866 წელს მნაცაკანოვის ხიდი დაინგრა რუსეთ–თურქეთის ომის პერიოდში. 1877–1878 წლებში აქ ორი ბორანი მოქმედებდა. ამ გადასასვლელს განსაზღვრული სამხედრო–სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ახალი ლითონის ხიდი ძველის ადგილზე 1882 წელს ააგეს და თბილისელებმა მასზე ავტომატურად გაავრცელეს ძველი ხიდის დასახელება, თუმცა ამჯერად მნაცაკანოვს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია შენებლობაში. ლითონის ხიდმა მანამ იარსება, სანამ ამ ადგილზე ორთაჭალჰესი არ აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები