თამარ გაბუნია: ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ სიკვდილიანობის კუთხით პრობლემა და მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება
“ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ სიკვდილიანობის კუთხით პრობლემა და მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 100 ინფიცირებულიდან ლეტალობა მოსალოდნელია ერთ ან ორ შემთხვევაში.
„უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაისის პიკის შემდეგ გარკვეული დაღმასვლა შეინიშნება. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას, პროპორციული რაოდენობა საერთო კოჰორტაში არის 1.4 პროცენტი. თითქმის ნარჩუნდება იმ დონეზე, რაც ეპიდემიის განმავლობაში იყო.
აქ სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, ხომ არ არის ეს რაღაც ნიშანი, რომ ცირკულირებს სახეცვლილი ვარიანტი ან რაიმე სახის ხარისხობრივი ხარვეზი ხომ არ იკვეთება შემთხვევების მართვაში. კლინიცისტებს შემთხვევების მართვის კუთხით დღეს გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ეს იყო ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. გაუმჯობესებულია მართვის პრაქტიკა, ხელმისაწვდომობა დამხმარე საშუალებებზე, მედიკამენტებზე, სუნთქვის აპარატებსა და ნებისმიერ სხვა კლინიკურ საშუალებაზე.
მიმდინარე პერიოდში ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ გარდაცვალების შემთხვევების კლინიკური აუდიტი. აქ ისევ საყურადღებოა ის მდგომარეობები, რომელიც გარკვეულწილად მძიმე ფონური ქრონიკული დაავადებების ფონზე ვითარდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ სიკვდილიანობის კუთხით პრობლემა და მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და შევხედავთ იმ შედეგებს, რომელიც კლინიკური აუდიტის შედეგად გამოვლინდება.
ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, 100 ინფიცირებული ადამიანიდან ლეტალობა მოსალოდნელია ერთიდან ორ შემთხვევაში. ეს შესაძლოა, იყოს მძიმე ქრონიკული დაავადებების ფონი, მოულოდნელი გართულება ან რაიმე სხვა მიზეზი, რისი შესაძლებლობაც უბრალოდ, ჯანდაცვის სისტემას არ აქვს, ვიდრე არ იქნება კონკრეტული მიზნობრივი მკურნალობა კოვიდის წინაღმდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, რისკის ფაქტორი აუცილებლად დარჩება“, – განაცხადა გაბუნიამ.