მამუკა მდინარაძე – გახარიას პარტიაზე: წაქცეულებს არ ურტყამენ, ცდილობენ, „ქართული ოცნების“ ხმებზე იპარაზიტონ

“წაქცეულებს არ ურტყამენ, მათ სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს, ეს არის „ქართული ოცნება-2“, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით შექმნილი ალტერნატივა – ეს ნარატივი ასევე მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ამა თუ იმ ფლანგს აწყობს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტია ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხმებზე იპარაზიტოს.

„ჩვენი გუნდის პოზიცია, რომელიც ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, ემყარება ფაქტებს. რომ ყოფილიყო 17-18 თებერვალს საუბარი იმაზე, რომ, პირობითად, ჩავრეულიყავით პოლიციის საქმეებში და მოგვეთხოვა,  არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება – ესეც კი არ იყო მაშინდელი პრემიერის პოზიცია. ის ამბობდა, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური ჩარევა და მხოლოდ 2-3 დღით უნდა გადავდოთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზი. ნებსით თუ უნებლიედ, ეს მაშინ აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. რატომ გააკეთა გახარიამ ეს, ვერცერთი ჩვენი თანაგუნდელი ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს მხოლოდ თავად გახარიამ უნდა განმარტოს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ აქტივობას, ვფიქრობ, რომ წაქცეულებს არ ურტყამენ. მათ სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს, ეს არის „ქართული ოცნება-2“, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით შექმნილი ალტერნატივა – ეს ნარატივი ასევე მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ამა თუ იმ ფლანგს აწყობს. ვხედავთ, რომ მინიმუმ 2 ტელევიზია ცდილობს ეს ნარატივი საზოგადოებას მოახვიოს თავს. პეტრე ცისკარიშვილმა და გიგი უგულავამ პირდაპირ თქვეს, რომ ეს პარტია არის „ტროას ცხენი“, რომელმაც 43%-ს უნდა ჩამოაცილოს „ქართული ოცნება“. თუმცა, ეს წარმოუდგენელია – მათ ვერ წარმოუდგენიათ, რამდენად ბრძენია ქართული საზოგადოება. დღესაც კი ყოფილი პრემიერის გუნდის წევრებად პოზიციონირებენ თავს და ამბობენ, რომ ყველაფერი დალაგებულია „ქართული ოცნების“ შიგნით. ამით ცდილობენ, იპარაზიტონ „ქართული ოცნების“ ხმებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები