ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს
ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე.
„მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ბანგიში კი, ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშა აღიმართა. ქართველ სამშვიდობოებს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო მისიებში პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალური უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
ავღანეთში საზეიმო ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ავთანდილ იოსელიანმა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი კარლოს ოკუონდო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა გიორგი იაკობაშვილმა კი პირად შემადგენლობას სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები გადასცა.