ნათია თურნავა: საქართველოში ტურიზმი წელს იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინი იყო
“საქართველოში ტურიზმი წელს იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინი იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის აღდგენა ეკონომიკაზე აისახება.
„დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს. 2019 წელს, იმ წელს – როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო ზაფხულის პიკის სეზონზე, დაახლოებით, კვირაში 800 ფრენა იყო, ანუ ჩავთვალოთ, რომ ნახევარი, 50 პროცენტი ფრენები, რომლებიც ემსახურება როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე – ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე კონსერვატიული მოლოდინები იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წლის დასაწყისში, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება.