ჯუანშერ ბურჭულაძე: ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენს უახლეს ისტორიაში
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენების ფაქტს გამოეხმაურა და მას ისტორიული მოვლენა უწოდა.
„დღეს საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ჩამოვასვენეთ. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენს უახლეს ისტორიაში, 22-დან 26 მაისის ჩათვლით სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, ხოლო 26-ში გენერლის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში გადავასვენებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტს 26 მაისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.