წეროვანში დაჭრილი სამხედროების რეპროთეზირება განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „მედიცენტრს“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს თვალის პროთეზის თურქი სპეციალისტი ესტუმრა. ამის შესახებ “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, პროექტი რვა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურისთვის თვალის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზების ჩასმას ითვალისწინებდა. თურქმა სპეციალისტმა, მურად აიმ, დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასწარ შესწავლის შემდეგ, პაციენტების რეპროთეზირება განახორციელა. თურქი სპეციალისტის საქართველოში ჩამოყვანასა და თვალის ახალი ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზებისათვის საჭირო თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ აანაზღაურა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტსა და კომპანია „მედიცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამოქალაქო პერსონალის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურებას და ბენეფიციარებისთვის მკურნალობის შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები