“თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს” – ჯუანშერ ბურჭულაძე
“თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელსვე, ნატო-ს მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდება. „თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.
როგორც იცით, საქართველო უკვე არის ნატო-ს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული პლატფორმის მეორე ნატო-ს არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. აქტიურად გრძელდება სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა. სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით გრძელდება თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.