„ჩემივე ნახატები მეხმარება „დაბრუნებაში“… ოდისევსივით რომ არ გადავიკარგო „აქედან“..

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით; ძირითადად საბავშვო ლიტერატურაზე წერს წერილებს, აქვეყნებს ბლოგებს.
2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული ქიშმიშიანი ამბები“ (გამომცემლობა დიოგენე”), რომელიც 2010 წელს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის – საბასლაურეატი გახდა. მიღებული აქვს სხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიებიც.
ქიშმიშიანი ამბების“ გარდა სამი კრებულის („ბიშეს ბალიშები“, „ლიტერატურული პროექტი“, „ლიზიგოგო ფერიაა“) და ერთი მცირე რომანის („ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა“) ავტორია
მისი  მოთხრობები ნათარგმნია ლიტვურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე.
არის თვითნასწავლი მხატვარი, ილუსტრატორი, დასურათებული აქვს თანამედროვე ქართველი ავტორების პოეტური და პროზაული კრებულები, საბავშვო წიგნები. – მწერლისა და მხატვარ-ილუსტრატორის, მაკა ლდოკონენის პერსონა. 

რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტის პროფესია?
– როცა ჩავაბარე, სხვაგვარად წარმომედგინა ყველაფერი, უფრო ამაღელვებლად, სახიფათოდ და ამავე დროს რომანტიკულად… მაგრამ 90-იანი წლები დადგა და ყველაფერი შეიცვალა, სტუდენტობამ ხიბლი დაკარგა. დღეს რას ნიშნავს ჩემთვის ჟურნალისტობა? ძირითადად საბავშვო ლიტერატურაზე ვწერ წერილებს, ვაქვეყნებ ბლოგებს. სიმშვიდე და სიყვარულია ჩემი ჟურნალისტობის მახასიათებლები ჰოდა, არც კი ვიცი, თუ ვითვლები თანამედროვე ჟურნალისტად.

„აქედან და შენამდე“

თვითნასწავლი მხატვარი ხართ.  ბანალური შეკითხვაჯერ წერდით თუ ხატავდით?
– ბავშვობიდან ვხატავ. ხატვა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, სუნთქვასავით აუცილებელი. ვხატავდი ყველგან: რვეულის უკანა გვერდებზე, გაზეთის მინდვრებზე, დაფაზე, კედლებზე, ასფალტზე… ხშირად მიშლიდნენ, იმის გამო, რომ უნდა მემეცადინა, დრო არ დამეკარგა და მეც ჩუმად ვხატავდი, წიგნის ქვეშ ამოდებულ ფურცლებზე…
უცნაური იყო, ახლა რომ ვიხსენებ, დედა თან მიშლიდა, თან მასწავლიდა ხატვას. პრინციპში ის იყო ჩემი ერთადერთი მასწავლებელი. მე მართალია ვეწინააღმდეგებოდი, ვუხსნიდი, რომ წესებით ხატვას არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა სულ ჩამესმის მისი ხმა და ვხვდები, რას მირჩევდა, რაზე მიმითითებდა… ახლა ვუჯერებ. წერა კი მოგვიანებით დავიწყე. ალბათ მეათე კლასში რომ ვიყავი. ზუსტად არ მახსოვს.
როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და მწერლობას? როგორ ქმნით ილუსტრაციებს თქვენი პერსონაჟებისთვის?

„მთვარეს რომ მიაღწევ, ყვავილების გენოციდზეც უამბე” (ფ.ფაროხზადის ლექსის ილუსტრაცია);

–  შეთავსებას რაც შეეხება, ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის… პირიქით… სიტყვების ხატვაც მიყვარს – ლამაზი და ეგზოტიკური სიტყვების და პირიქით, საინტერესო ნახატებზე ვწერ კიდეც ამბებს…
– „ბიშეს ბალიშები“ ზურაბ გომელაურის ნახატების შთაგონებით შეიქმნა…
– დიახ, ზურას ნახატების მიხედვით დაწერილი მოთხრობაც ამის დასტურია. ის ხომ ხშირად ხატავს ასაკოვან წყვილებს: გამხდარ მამაკაცებს ფუმფულა ქალების გვერდით. ჰოდა, ერთ დღეს მისი შთაგონებით დავწერე სქელგავიან ქალ აბადიასა და მის ქმარ გურგენაზე. ამბავი, რომელსაც „ბიშეს ბალიშები“ ჰქვია… აბადია ბრაზიანი ქალია, გავით ზოგჯერ კაკლებს ამტვრევს, მაგრამ გურგენა ჰყავს სიმშვიდესთან შუამავალი.
კრებულიქიშმიშიანი ამბები“, პრემიასაბა -2010“-ის ლაურეატია. რა შეცვალა ამ გამარჯვებამ თქვენს მწერლურ ცხოვრებაში?
– „საბას“ პრემია მოულოდნელი და სასიხარულო იყო, რა თქმა უნდა. არ ვიცი, რა შეცვალა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ცვლილებების დაგვირგვინება იყო. მოთხრობების წერა და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნება დავიწყე, კონკურსებში ვმონაწილეობდი, მერე მოთხრობები დაგროვდა, წიგნად შეიკრა და საბაც „გამოჩნდა“… მადლობს მეტი რა მეთქმოდა. შევიცვალე-მეთქი, ვერ ვიტყვი, უბრალოდ თავიდან პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მეგონა სასწრაფოდ და ყოველწლიურად უნდა გამომეცა წიგნები. მაგრამ მერე დავმშვიდდი. ძალდატანებით მხოლოდ ხელოვნური გამოდიოდა ყველაფერი.
მრავალი ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი, მონაწილე თუ გამარჯვებული ხართდა მაინც, რომელს გაიხსენებდით, რომელმა დატოვა წარუშლელი კვალი?
– იყო მრავალი კონკურსი და ყველას თავისებური სიხარული მოჰქონდა. რა გამიხარდა ყველაზე მეტად? პენ-მარათონის ფინალურ კრებულში რომ მოხვდა ჩემი მოთხრობა – გეომეტრიული ზღაპარი „ლეკალო“. თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ ახლაც განსხვავებული ემოციით მახსენდება. მაშინ წერას ვიწყებდი… ყველას და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი.
ოთხი კრებულის („ქიშმიშიანი ამბები“, „ბიშეს ბალიშები“, „ლიტერატურული პროექტი“, „ლიზიგოგო ფერიაა“) და ერთი მცირე რომანის („ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა“) ავტორი ხართთქვენი ნაწარმოებებიდან რომელს გამოარჩევდით და რატომ?– მირჩევნია, მკითხველმა გამოარჩიოს. უკუკავშირი მკითხველთან მწერლისთვის საოცნებო საქმეა. მე კი უფრო მეტად ის მოთხრობები მიყვარს, რომლებშიც მეცნიერული თემები მაქვს შეპარებული – გეომეტრიული, ფიზიკურ-ქიმიური თუ ასტრონომიული მომენტები.
წიგნების კითხვის პროპაგანდას ეწევით ბავშვებში. „მაკა ლდოკონენის მკითხველთა კლუბისდამფუძნებელი და პედაგოგი ხშირად ურჩევთ ბავშვებს, რომელი წიგნი წაიკითხონროგორი გამოხმაურებები მოგდით ბავშვებისგან?
– მკითხველთა კლუბებში მუშაობა დღესდღეისობით ჩემი ძირითადი საქმეა. ვმუშაობ „SOS ბავშვთა სოფელში“, სკოლა „ლეტარატოში,“ მაქვს კერძო ჯგუფებიც. მიყვარს ეს საქმე, ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს კითხვა „ბრძანებითი კილოს“ გარეშე შევაყვარო. ვუზიარებ წაკითხვით მიღებულ შთაბეჭდილებებს (როგორც ამას დანიელ პენაკი გვირჩევს). პატარებს 3D წიგნებს ვამზადებინებ, ვახატვინებ ილუსტრაციებს, უფროსებს თემების შესაბამისად ვურჩევ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებს. ჩვენს გაკვეთილებზე მოსაწყენად ნამდვილად არავის სცალია.
რა გავიხსენო განსაკუთებული? ბავშვთა სოფელში ბევრი საინტერესო დღე გამიტარებია, იქაური გაკვეთილები ჩემთვის განსხვავებულ განზომილებაში ყოფნას გულისხმობსა, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, სიყვარულით და ენერგიით ვივსები. იქ მართლაც სხვა სამყაროა და ვცდილობ, ჩემს პატარებს სამახსოვრო დღეები ვაჩუქო. უბრალოდ ძალიან მიყვარს მათთან ყოფნა, საუბარი… სხვა საინტერესო გაკვეთილების შესახებ ჩემს წერილებშიც ვწერ, რომლებიც ინტერნეტჟურნალ „მასწავლებელი.ჯი“-ში ქვეყნდება ხოლმე.
– როგორც საბავშვო ლიტერატურის მიმომხილველი რას იტყვის თანამედროვე საბავშვო მწერლობაზე? რამდენად იწერება ბავშვებისთვის საინტერესო ნაწარმოებები? და რა არის საჭირო, რომ ბავშვმა წაიკითხოს მწერალი? მოგეხსენებათ, დღეს კომპიუტერმამოაჯადოვაბავშვი
– ამ თემებზე საუბარი გაუთავებლად შეიძლება და მიჭირს მოკლე და ამომწურავი პასუხების გაცემა. რთული საკითხებია… მოკლედ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბევრი საინტერესო საბავშვო მწერალი გვაყავს და უამრავი კარგი წიგნიც ითარგმნება. მაგრამ!.. მათ უნდა მიაგნოს მშობელმა, მასწავლებელმა თუ ბავშვმა და ეს რთული საკითხია. ბევრი რადიო თუ ტელეგადაცემა უნდა დაეთმოს საბავშვო ლიტერატურას. „კომპიუტერის მოჯადოვებისგან“ კი პირადი მაგალითით ვიხსნით უმცროს თაობას.
ჩვენ თუ ხშირად ვიკითხავთ, აუცილებლად მოგვბაძავენ. თორემ ჩვენ ვეუბნებით ბავშვებს: „შენხელა რომ ვიყავი, იცი რამდენს ვკითხულობდი?!“ ისინი შესაძლოა, არაფერს გვპასუხობენ, მაგრამ უკვირთ ახლა რატომ აღარ ვკითხულობთ… კითხვა ბავშვობაში გამოწერილი რეცეპტი ხომ არ იყო?.. არა, რა თქმა უნდა, კითხვა უწყვეტი პროცესია და ჩვენი ბიბლიოთეკის სიდიდეც ყოველთვის შვილების წაკითხული წიგნებით გაიზომება.

„ნაივური აპრილი“

Maka Ldokonens Artამ გვერდზე თქვენი ნახატები ქვეყნდება. ინტერნეტით დიდი მოწონებითაც სარგებლობს და სიამოვნებით იძენენ კიდეცთქვენეული სტილი გაქვთ. თავად რას იტყოდით თქვენს ნამუშევრებზე?
– Maka Ldokonens Art   – ეს გვერდი ცოტა ხნის წინ შევქმენი… ზოგადად, მსგავსი გვერდები უცნაურად მუშაობს და ჯერ ალღო ვერ ავუღე, მაგრამ რაც შეეხება გვერდს – „ ART აუქციონი (ქართველი მხატვრების ნამუშევრები)“ ნამდვილად გამიტაცა და გამაოცა. ერთი თვის წინ დავიწყე ნახატების დადება და ბევრი მომწონებელი თუ მყიდველი გამომიჩნდა… ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა ჩემი პატარა სახელოსნო-გალერეა, არა მხოლოდ იმისთვის, ნახატები რომ გამეყიდა, მინდოდა ურთიერთობა დამთვალიერებელთან, ადმიანებთან, ვისაც მოეწონებოდა ჩემი ნამუშევრები და აი, უეცრად ასეთი საშუალება მომეცა.
ისეთ საინტერესო პროცესებში ვარ ბოლო ერთი თვეა, ვარ წარმოიდგენთ. არაერთი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მათ შესახებ ვწერ ამბებს და არ ვიცი, შესაძლოა, ეს ყველაფერი საინტერესო პროექტის დასაწყისადაც იქცეს. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯგუფის დამფუძნებელ ახალგაზრდებს. როგორ და რა მრავალმხრივ დამეხმარნენ პანდემიის დროს.

„მშვიდობა სახლსა შენსა“

როგორ მუშაობთ ხატვის დროს? შთაგონებას რა გაძლევთ?
– რომ გითხრათ, კონკრეტული და მკაცრად გაწერილი წესები მაქვს-მეთქი, არა. უბრალოდ ვხატავ. ისე, ხან განწყობას, ხან ლამაზ სიტყვებს, ლექსებიდან ფრაზებს, საყვარელ გმირებსა თუ პასაჟებს წიგნებიდან… უფრო ხშირად უხასიათობა და ტკივილი მახატვინებს და ჩემივე ნახატები მეხმარება „დაბრუნებაში“… ოდისევსივით რომ არ გადავიკარგო „აქედან“..
რაზე ოცნებობს მწერალი მაკა ლდოკონენი?
– რა ვიცი, ჩვენს თაობას ოცნებებში არ გაუმართლა: ჯერ 90-იანები, მერე… მერე და მერე… ახლა პანდემია… აღარ ვოცნებობ.
ჰობი
– ხატვა პრინციპში ჩემი მთავარი ჰობია… მაგრამ მიყვარს ფეხით სიარული, ბუნებაში ყოფნა… ეს ჰობია, რა ვიცი.

„მადმუაზელ“

ოჯახი, შვილებიროგორ ანაწილებთ დროს ოჯახისთვის და შემოქმედებისთვის?
– ახლა, როდესაც შვილები გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ადამიანები არიან, ეს კითხვა აღარ არის აქტუალური ჩემთვის და ადრინდელი პასუხებიც არ მახსოვს… როგორ იყო?.. არ ვიცი. მართლა არ მახსოვს. მშობლები მეხმარებოდნენ… ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვატარებ უმეტესად… ხან ფილმებს ვუყურებთ, ხან მუსიკას ვუსმენთ, ბევრს ვსეირნობთ, სადმე ჩამოვსხდებით, ყავას დავლევთ, ვსაუბრობთ, ვსუბრობთ, ვსაუბრობთ და… არ ვიცი, რით ვერ ამოვწურეთ სასაუბრო თემები, ჯერ კლასელები ვიყავით, სკოლის შემდეგ დავმეგობრდით, მერე დავოჯახდით და … ისევ არ ვამბობთ უარს თავგადასავლებზე, ახალ გამოწვევბზე, ვცდილობთ, ჩვენი შვილების შეხედულებები მოვირგოთ, მათსავით ფიქრი შევძლოთ, მათსავით აღვიქვათ ახალი სამყარო.., ვნახოთ, რას და როგორ შევძლებთ.

DULCHE DOMUM

სამომავლო გეგმები
– გეგმები, გეგმები, გეგმები… ცვლილებების ეპოქაში რთულია გქონდეს გეგმები… მთავარი გეგმაა (რადგან მაინცდამაინც „გეგმა“ უნდა ერქვას), დავაკვირდე, შევაფასო, ვიფიქრო ამ ახლებურ, პირბადიან სამყაროზე… ბევრმა ადამიანმა მოიწყინა, ბევრს გაუჭირდა, ბევრი ვერ გაერკვა და რამდენიმეს მაინც თუ დავეხმარე, ბედნიერი ვიქნები.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები