„ვხატავ ისე, რომ ვერ ვხედავ“ – ბავშვობაში ნანახი სიზმარი და ხელოვანი, რომელიც ბანალურობას ვერ ჰგუობს

დაამთავრა თბილისის 36 საჯარო სკოლა. ხელოვნების ნიჭი და ინტერესი მუდამ ქონდა. იტაცებდა თეატრალური განხრაც. სკოლის პერიოდში ძველი ქართული მხატვრული ლიტერატურის კითხვაში  საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი აიღ. რამდენიმე სპეტაკლში მონაწილეობ და  მღეროდ კიდეც.
5 წელია სისტემატურად ხატავს, ორიგინალურია მის მიერ შუშაზე ქვემოდან დახატული სურთები, ასევე, ეპოქსით ქმნის ხელნაკეთ ნივთებს.
ცხოვრობს ჰაგააში, ოჯახთან ერთად. სახელოსნოს გახსნას და გამოფენის გამართვას გეგმავს. – ხელოვან ნათია დოლიძე- კანელისის პერსონა.

 – 5 წლის წინ დაიწყეთ ხატვა… ეს მოხდა ფრანგი მეგობრის სიტყვების შემდეგ…  მანამდე სიზმარიც ნახეთ,  გამოფენა ქონდა ნიუიორკში...
– ბავშვობიდან სულ ვხატავდი, მაგრამ 5 წელია, სისტემატურად შევუდექი ამ საქმეს. ბავშვობაში სიზმარში ვნახე, ვითომ ნიუ-იორკში მქონდა გამოფენა და რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი ჩემი ოცნების ასასრულებლად. ოცნებად მქონდა გამოფენა. მხოლოდ მეგობრის სიტყვების მერე – „დანაშაულია, ადამიანს თუ შეუძლია ოცნება აისრულოს და არ აასრულებსო” – ინტენსიურად დავიწყე ხატვა.
პირველად არწივი დავხატე. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო საღებავებით. ბავშვობაში ფანქრებითაც ვხატავდი,  სანთლის ფიგურებიც  ვცადე, დაახლოებით 16-17 წლისამ რამდენიმე დიდი ფიგურა გავაკეთე.

მინის ქვემოდან დახატული

ბუნებით ძალიან დეპრესიული ვარ, რაც ჩემი ნახატების მცირე რაოდენობაზე აისახება. დეპრესიის დროს ყველაზე მეტად ხელოვნება მეხმარება, თუ შევძელი და ავიღე ფუნჯი… მაგ დროს მავიწყდება ჩემი თავი… თითოეულ ნაშრომს მინდა სული ჩავუდგა… თითქოს მესაუბრებიან მუშაობის დროს, ხატვის პროცესში. ყველაფერი ისე იდეალურად მინდა გავაკეთო, რომ თვით ნახატებიც კი კმაყოფილნი დარჩნენ.
– ხელოვნება ბავშვობიდან გიყვარდათ, მაგრამ ენების შესწავლამ გაგიტაცათ და საზღვარგარეთ გასვლის სურვილი გაგიჩნდათ.  ეს თქვენი ცხოვრების კიდევ ერთი, ცალკე ისტორიაა…
– მართლაც, ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა. სკოლის შემდეგ ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე.  მე-3 კურსზე ვიყავი, საზღვარგარედ წასვლა რომ გადავწყვიტე და დავიწყე იტალიურის შესწავლა. 20 წლის ასაკში გავემგზავრე გერმანიაში აუპაირის პროგრამით, ბავშვებთან სამუშაოდ, ამავდროულად, კურსებზე დავდიოდი. გერმანიიდან იტალიაში მინდოდა გადასვლა… გადავედი კიდეც დროებით ოჯახთან ერთან, სადაც ვმუშაობდი არდადეგების პერიოდში. შემდეგ ისევ დავბრუნდი გერმანიაში და შემთხვევით გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ეს ცალკე ისტორიაა, ძალიან უცნაური.
საქართველოში დავბრუნდი. მომავალ მეუღლეს  გაცნობის შემდეგ ერთხელ შევხვდი  და ისე შევუყვარდი, საქართველოშიც კი ჩამომაკითხა. დავქორწინდით და რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ვიზა მივიღე, ისევ დავბრუნდი გერმანიაში.
5 წელი გერმანიაში ვიცხოვრეთ და გადმოვედით ჰოლანდიაში საცხოვრებლად. აქ უკვე 11 წელია ვართ.
შუშაზე  ხატავთ ქვემოდან, ხედვის გარეშე…
– დაახლოებით 5 წლის წინ შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ვიდეოს, მინის ქვემოდან აბსტრაქტულ სტილში ფერებით დახატეს  ნამუშევარი. მაშინ დამებადა აზრი, არა აბსტრაქცია, არამედ ჩემი სტილის ნახატები შემექმნა.

მინის ქვემოდან დახატული

ალბათ ერთგვარი ნიჭია არაფრისგან რაღაცის შექმნა, ან რაიმე ნივთისგან სხვა ნივთის გარდაქმნა.
მოკლედ, მინის ქვემოდან დახატვა რთული პროცესია. ამიტომ არ მაქვს ბევრი ნამუშევარი. სანამ დავიწყებ რაიმეს დახატვას, ვუყურებ სურათს, ვფიქრობ, ვაანალიზებ რამდენიმე დღე.
ვხატავ ისე, რომ ვერ ვხედავ, მხოლოდ დასრულების შემდეგ ვაცლი საფარს და ვხედავ, რა გამოვიდა. თუ სადმე შეცდომა დავუშვი, ან უნდა მთლიანი ნახატი უნდა წავშალო ან უბრალოდ სხვა რამეში გამოვიყენო შუშა. გადაკეთება შეცვლას არ ექვემდებარება.
– ამ ბოლო დროს ეპოქსით მუშაობთ… სააღდგომოდ თქვენს კოლექციაში ხელნაკეთი სერვიზი, ლარნაკები, საკანფეტეები… გაჩნდა…
– ეპოქსს რაც შეეხება, დავიწყე მხოლოდ იმის გამო, რომ შიგ ჩამეხატა. მერე და მერე თანდათან მოვიდა სხვადასხვა  ნივთის დამზადების სურვილი. მაგალითად, სარკე ეპოქსის ჩარჩოში არსად მინახავს. მსგავსი ალბათ არც ვინმეს შეუქმნია, თორემ ნამდვილად შემხვდებოდა ვიდეო  „იუთუბიზე“.
 – როგორ დაიბადა ეპოქსში სარკის შექმნის იდეა?
– ყოველთვის ისეთი რამის გაკეთება მინდა, რასაც არავინ აკეთებს. ბანალურობას ვერ ვგუობ.
ეპოქსი, რომელიც სარკისთვის გამოვიყენე, შეკვეთისთვის უნდა გამომეყენებინა. წესით, ხილის ლარნაკი უნდა გამეკეთებინა – მაგრამ ფერთა შეხამება და კრისტალიზებული დეკორაცია ისე მომეწინა, რომ სარკე მქონდა სახლში,  ზემოდან დავადე და ძალიან მოუხდა. ამოვჭერი ეპოქსი და ჩავსვი.
– ორიგინალურია წიგნის სანიშნეები…
– მიყვარს მრავალფეროვნება. წიგნის სანიშნეები მეგობრის თხოვნით გავაკეთე. ინიციალების ჩახატვა სხვა მეგობარმა მთხოვა. ამგვარად კითხვის პროცესი უფრო სახალისო გახდება-მეთქი, – ვიფიქრე. 10 ცალი დავამზადე.  აღარცერთი აღარ დამრჩა. ალბათ მომავალშიც გავაკეთებ.
–  თქვენი ნამუშევრები მოსწონს მომხმარებელს, იღებთ შეკვეთებსაც…
– დაუსრულებლად შეიძლება ხელოვნების თემაზე საუბარი, აზრებიც და იდეებიც დაუსრულებლად მოდის და მოდის.
მინაზე ნახატის შეკვეთებს საკმაოდ ვიღებ. ბედს არ ვემდური. სამცხე-ჯავახეთოს ინსტიტუტის მუზეუმსაც გადავეცი საჩუქრად. როტერდამის ერთ-ერთი გამოფენიდანაც მივიღე შემოთავაზება. კორონავირუსმა დამწია უკან. სამომავლოდ მათთან თანამშრომლობას ვაპირებ…

მინის ქვემოდან დახატული

არასდროს ვჯერდები ერთ განხრას და არც მხოლოდ ყვავილების ხატვას. მინდა ბევრ სფეროს შევეხო, რაც ალბათ ჯერჯერობით გამომდის… სიმღერა და ლექსების მხატვრულად კითხვაც  წარმატებით გამომდიოდა ბავშვობაში. მხატვრულ კითხვაში მე-10 კლასში საქართველოს მაშტაბითაც კი ავიღე პირველი ადგილი.
– ჰააგაში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ. მეუღლე, შვილი…
– მყავს 13 წლის ბიჭი. ოჯახი ხელს მიწყობს. მისაღები ოთახი და სამზარეულო ეპოქსით და ნახატებით მაქვს გადატვირთული… ამას ხელოვანი ადამიანი – „ეს ნორმალურია“ –  ასე თვლის.
– ჰობი…
– ჰობი ჩემი ჰობი და ჩემი ცხოვრება ხელოვნებაა. უფრო კრეატიულ ხელოვნებას დავარქმევდი…  სიახლეების შექმნაა.

მინის ქვემოდან დახატული

– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინის ქვეშიდან რაც შეიძლება მეტი ნახატის შექმნას ვაპირებ. მარტო ამ სფეროში პერსონალური გამოფენის გამართვაც მინდა.
სახელოსნოს გახსნაზეც ვფიქრობ… ვნახოთ. მხოლოდ უფალმა იცის, ხვალიდელ დღეს რა იქნება. ეს ის სფეროა, სადაც დრო ჩერდება…
– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ თქვენი შემოქმედების მოყვარულთ კიდევ გააოცებთ ახალ-ახალი იდეებით და ნამუშევრებით!

მინის ქვემოდან დახატული
მინის ქვემოდან დახატული

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები