გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია აგინებს მთელს დასავლეთსა და ამერიკას, ასევე, აგინებს 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, ხმა რატომ არ მისცა
“ოპოზიცია აგინებს მთელს დასავლეთსა და ამერიკას, ასევე, აგინებს 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, ხმა რატომ არ მისცა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიცია სამ კატეგორიადაა დაყოფილი.
„ჩვენ ახლა ვიხილეთ მინიმუმ სამ კატეგორიად დაყოფილი ოპოზიცია – ერთი, რომელმაც თავის დროზე გაბედა, შემოვიდა საქართველოს პარლამენტში და სრულყოფილად მუშაობს, მეორე, რომელიც ნახევრადაა შემოსული პარლამენტში და ხან მუშაობს, ხან – არა, მესამე, რომელიც ქუჩაშია დარჩენილი და პრაქტიკულად პოლიტიკური მომავლის შანსი აღარ აქვს. ეს ქვეყნისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის,მაგრამ მათი გადასაწყვეტია, როგორ პოლიტიკურ მომავალს შეიქმნიან. ყველას არ ეხება, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ხალხი არ ირჩევს, მაგრამ მაინც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთი ტიპის ოპოზიცია აგინებს მთელ დასავლეთს და ამერიკას, ასევე აგინებს 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, ხმა რატომ არ მისცა. ბუნებრივია, ქართული საზოგადოება მათ ვერასოდეს მოიყვანს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.