“მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი”
“მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება.
„საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეები. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის პარლამენტსაც ეხება უქმე დღეები. აქედან გამომდინარე, უქმე დღეების შემდეგ, უახლოესი ბიურო როცა ჩატარდება, აქვე დარეგისტრირდება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ამნისტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაეწერება დარგობრივ კომიტეტებს და მოხდება პირველი სააკომიტეტო მოსმენა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით.
ალტერნატიულ კანონპროექტში, რომელიც დააინიცირა ოპოზიციამ, პრინციპები იგივე არის. განსხვავება არის ის, რომ ოპოზიციამ დამატებითი კომპონენტი ჩადო თავის კანონპროექტში, ეს გახლავთ დაზარალებულების თანხმობა. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან.
ამნისტიის საკითხი არ იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივა იყო, რომ 20 ივნისის საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური ფურცელი გადაშლილიყო. კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ მათ შორის ოპოზიციაც დაუჭერს მხარს იმ პრინციპს, რომელიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში.
ჩვენ იქ არსებული პრინციპის საწინააღმდეგოს ვერაფერს ჩავდებთ, თუმცა, მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.