სერგო ჩიხლაძე: აშშ-მა ძალიან მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, მათ გამოხატეს თავისი წუხილი და პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ მიმართეს, რომ ასეთი კანონის მიღება არ შეიძლება
“კონსულტაციები რომ გამართულიყო და გათვალისწინებულიყო აზრი – როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე – საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, არასამთავრობო სექტორის, ეს კანონი ასეთი სახით ვერც დაფიქსირდებოდა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აირჩია, რომ მათი პრიორიტეტი არ არის დასავლეთი.
„აშშ-მა ძალიან მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, მათ გამოხატეს თავისი წუხილი და პირდაპირ „ქართულ ოცნებას“, მმართველ პარტიას მიმართეს, რომ ასეთი კანონის მიღება არ შეიძლება. ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ, ნატო-სკენ. ამით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აირჩია, რომ მათი პრიორიტეტი არ არის დასავლეთი და მათი პრიორიტეტია ლუკაშენკო, მსგავსი ოდიოზური სახელმწიფო მმართველები. კონსულტაციები რომ გამართულიყო და გათვალისწინებულიყო აზრი – როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე – საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, არასამთავრობო სექტორის, რა თქმა უნდა, ეს კანონი ასეთი სახით ვერც დაფიქსირდებოდა და არ იქნებოდა მიღებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.