,,სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ობიექტური კვლევები აჩვენებს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოწინავე ქვეყნებს უსწრებს.
„ძირითადად დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ იმის სასამართლო, გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულში არის შესული. ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე, რომელიც წაიღეს სტრასბურგში დამთავრდა ქართული მართლმსაჯულების გამარჯვებით და სასარგებლოდ. ამიტომ დანარჩენი ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. ამ პროპაგანდით აგენტურას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ პროპაგანდას არის დაქვემდებარებული და დამორჩილებული ათასგვარი რევოლუციური სცენარების სახარჯ მასალად აქციონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.