ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ – მისი მიმწოდებელი ქვეყანა

“ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც, მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ საქართველო არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი მიმწოდებელი ქვეყანაა. „მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატო-მ 2021 წელს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ამ მისიასაც უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. 1999 წლიდან მოყოლებული, ნატო-ს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული რჩება და აშშ-თან, ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ყველა არსებულ მექანიზმს გამოიყენებს.

„ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები