ეკატერინე ტიკარაძე: შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ – პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე

ჯანდაცვის მინისრტმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში შშმ სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ახალი მოდელის მიხედვით, შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ – პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე.

„არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა. სამინისტრო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირებზე. ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, რეგულირების სააგენტომ დაიწყო მუშაობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაგვანახებს ერთიან სურათს შშმ პირების რაოდენობრივ და საჭიროებების ჭრილში.

ასევე, მოგახსენებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, იგეგმება სამინისტროში შშმ პირთა საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა, რომელშიც ჩართულები იქნებიან შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები. საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს შშმ პირთა სერვისების განვითარების, ხარისხის მონიტორინგისა და სერვისების მუნიციპალურ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობაზე.

მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა დაწესებულებების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ეტაპობრივი გადანაწილება მათ საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატიულ სერვისებში”, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები