გურამ მაჭარაშვილი: არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას მიერ ადგილების შენაცვლება იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღება
“ადგილების შენაცვლება იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისი თქმით, არჩილ თალაკვაძე ნეიტრალური ფიგურა და ყველას პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
„არჩილ თალაკვაძის საქმიანობა არის თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსის ნაბიჯი, რადგან საპარლამენტო სახელმწიფოებში სპიკერები, მეტნაკლებად, ნეიტრალური არიან. რაც შეეხება კახა კუჭავას, მას, როგორც ნეიტრალურ ფიგურას ამერიკასა და ევროპაში, გუნდში იცნობენ. მათი ადგილების შენაცვლება იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღება. არჩილ თალაკვაძე ნეიტრალური ფიგურა და ყველას პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში, ვინაიდან, ფორმალურად მოუწია მხარის წარმოჩენა და ჩაითვალა, რომ კახა კუჭავა მეტნაკლებად უფრო ნეიტრალური პირია და ის მიღებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ ნეიტრალური ფიგურა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის.